ემიგრანტის დღიური

გთხოვთ, მოკლედ გადმოსცეთ თქვენი შთაბეჭდილებები უცხოეთში ცხოვრების შესახებ და ასევე, მოკლედ განმარტოთ, რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლო?

4 комментария:

  1. ეს ერთერთი ჩემი ყოფილი მოსწავლის ფიქრებია წერილად მოწერილი, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებ (მისივე თანხმობით!)
    ახლა მე თურქეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ.ძალიან მენატრება საქართველო, ქართული ენა, დები, ძმა, მშობლები. ყველას სიზმარში ვხედავ...
    19 წლის ასაკში წამოვედი თურქეთში. გადაწყვეტილება ძნელად მივიღე. ვიცოდი, გამიჭირდებოდა, ენა მე არ ვიცოდი და მათი ადათ-წესები.
    მართლაც, ასე აღმოჩნდა. ჩამოვედი და საერთოდ დავიბენი, ვერავის ვერაფერს ვაგებინებდი, არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა. ეს ძალიან რთული მომენტია, როცა გვერდით არავინ გყავს და თავში მხოლოდ ის აზრი გიტრიალებს, რომ წინ უნდა წახვიდე , არაფერს შეუშინდე და დანებდე.
    რატომ წამოვედი თურქეთში? მიზეზი მხოლოდ ერთი იყო „ გაჭირვება“! ვიღაცას ჩემს ახლობლებზე ხომ უნდა ეზრუნა? ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა! არ ვიცი, ეს კარგი თვისებაა თუ არა, მაგრამ მე ვერავის დაველოდები და ვერც ვერავის ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებინებ.
    იცით, მგონია, ჩემი გაგება გაუჭირდება იმას, ვისაც გაჭირვება არ გამოუცდია, ვისაც ახლობლებზე მეტად საკუთარი თავი უყვარს და ჯერ „ მე“-ზე ფიქრობს და შემდეგ მათზე, მე კი ჩემი თავი მხოლოდ ბოლოში მახსენდება.
    აქ გულზე არავის ახატიხარ,როგორც იაფ მუშახელს ისე გიყურებენ, გააკეთებ მათ მიერ მითითებულ საქმეს და მოგცემენ რაღაც გროშებს, არ გააკეთებ და მშიერი დარჩები. ეჰ, ჩემი საქართველო, ადათ-წესები, წყალი, საკვები მენატრება!!! განა ეს ყველაფერი აქ არ არის? არის, როგორ არა, მაგრამ ის გემო, ფერი და სურნელი არ აქვს, რაც ჩვენს ხინკალს, მწვადს, ჩურჩხელას...დღეც სხვანაირია, ღამეც, ვარსკვლავებიც... აქ მხოლოდ მონატრება და ლოდინია, დამქანცველი, ერთფეროვანი , უფერული, უღიმღამო, შემაწუხებელი და უსასრულო. აქ მხოლოდ სიზმრებია ფერადი, ისიც ხანმოკლე და სწრაფმავალი...
    მონატრებით დავიღალე, ხვალინდელ დღეზე ფიქრით დავიღალე , ამასობაში კი 4 წელი გასულა, ცოტაც და ჩამოვალ საქართველოში!

    ОтветитьУдалить
  2. შენ სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო
    " უცნაური არის ბუნება ქართველთა" - რამდენჯერ აღმოხდენია ეს სიტყვები მემატიანეს, როგორც სინანულის ოხვრა ჩვენი ჯიშისა და მოდგმისა. ბედად დაგვყოლია უცნაურობა, საკუთარი აჩრდილივით აგვდევნებია ყოველ ეპოქაში და ჟამთასვლაში. ოდითგანვე ქართველი ადამიანი სამშობლოსა და თავისი ერის გადარჩენისთვის იბრძოდა. ყველა თაობას თავისი გასაჭირი დაჰყვებოდა თან. ჩემ თაობასაც ბედნიერი ბავშვობა და მწარე ზრდასრულობა არგუნა ცხოვრებამ. ერთდროულად მოგვიწია ბრძოლა სამშობლოს, ერის, ოჯახის, შვილებისა და თავის გადასარჩენად. თან განსაცდელად მაცდური უსასტიკესი გზა - უცხოეთი - მოგვივლინა. ათასობით ქართველი, მარტო თუ ოჯახებით, გარბის ყოველდღიურად დაბეჩავებული, გავერანებული საქართველოდან ომით, შიმშილითა და უსასობით გათანგული.
    უცხოობაში ვეძებთ შვებას, მაგრამ, ვაი, რომ უცხო ქვეყანა დედინაცვალია! არ გვიღებს, არ გვითვისებს და უცხო სხეულივით გარეთ გვერეკება და ათას განსაცდელს გვახვედრებს, ღირსებას გვაკარგვინებს, გვანადგურებს და გვაბეჩავებს.
    ადამიანის ცხოვრებაში უმძიმესი სასჯელი ყოფილა სამშობლოს დატოვება, უიმისოდ ცხოვრება, საკუთარ ფესვებს მოწყვეტა! მოუნელებელი ტკივილია, ენით აუწერელი ტანჯვაა აქ ყოფნა!
    აქ საბერძნეთში ასი ათასობით ქართველი ცხოვრობს. ისინი ათეული წელია აქ არიან, მაგრამ ნოსტალგიით გატანჯულები ბედნიერებას მხოლოდ სამშობლოში ხედავენ, იქ დაბრუნებაზე ოცნებობენ...
    ... რამდენჯერ კი ეს ოცნება აუხდენელი დარჩა...
    ქართულო სისხლო, მართლაც სად არ დაღვრილო, სად არ გამქრალო, დაკარგულო... მებრალები, გამეტებულო, დაწრეტილო, უხვად დაქცეულო უცხოთა შორის!
    საბერძნეთის ქართული დიასპორის გაზეთ " ელადას" ფურცლებიდან

    ОтветитьУдалить
  3. წვიმა მახელებს
    წვიმა მახელებს და მიწეწავს
    ფიქრებს დარდიანს.
    ჩემი ცხოვრება
    ხომ წარსულის ხატი ლანდია.
    იქ ჩარჩენილი ჩემი გული
    მოსთქვამს ნაღვლიანს...
    რად მოვწყდი მიწას,
    სადაც ჩემი დედა მარხია?
    ეს ცხოვრება რო უჟმურია
    ბედის ჩარხია,
    სადაური ხარ, სად წაგიყვანს
    ყველგან მახეა...
    ვინ დაგიამებს გულისტკივილს
    და ვინ გეტყვის სიტყვას მადლიანს?
    ცრემლების ნაკად, ჩაღვრილს უბეში
    ვატან დარდებს დრეებს ნაღვლიანს.
    წვიმა მახელებს...
    და მაწერინებს ლექსებს დარდიანს.
    გული კი მოსთქვამს:
    შენ სამშობლოში სიკვდილიც კი
    დიდი მადლია...

    ქართველ ემიგრანტებს

    გარიჟრაჟიდან
    გვიან ღამემდის
    ვტრიალებთ უცხოს
    სახლში... მონები.
    აქ სხეულია მხოლოდ
    ჩვენი... მხოლოდ ხელები,
    მაგრამ ღრმად მჯერა
    კარგად ვიცი, საღი გონებით,
    რომ სულით არვის,
    არასოდეს დავემონებით!

    ცაც კი უცხოა

    რა ტკბილი არის შენი სამშობლო
    შენი ლამაზი ერი,
    მაგრამ მის ფესვებს როცა შორდები
    კარგს ნუღარაფერს ელი!
    უცხო ქვეყანა დედინაცვალია
    შენ კი ხარ მისი გერი!
    ცაც კი უცხოა, მზეც აღარ გათბობს
    შენ აქ არავინ გელის!
    არავის იცნობ, არც მათი გესმის,
    ვერც მათ ენაზე მღერი,
    სევდის სევდის კრისტალები სისხლით ილექება
    და მერე ვეღარ შველი!

    მზია გაგაძე - კანდელაკი
    საბერძნეთი

    ОтветитьУдалить